მუცლის აორტის ანევრიზმა

მუცლის აორტის ანევრიზმა abdominal aneurysm

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

მუცლის აორტის ანევრიზმა – წარმოიქმნება, როგორც წესი, ათეროსკლეროზის შედეგად. ლოკალიზებულია უპირატესად თირკმლის არტერიების გამოსვლის ადგილიდან ქვევით.

მუცლის აორტის ანევრიზმა – სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკური სიმპტომატიკა ღარიბია. ანევრიზმების დაახლოებით 40% შემთხვევითაა აღმოჩენილი კლინიკური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების დროს. დაავადების დასაწყისში ავადმყოფი უჩივის პერიოდულ ტკივილს მუცელში და პულსაციის შეგრძნებას; ხერხემლის მარცხნივ ვლინდება პულსირებადი წარმონაქმნი, აუსკულტაციით მოისმინება სტენოზური შუილები. თანდათანობით ტკივილები ვითარდება მუცელში საკვების მიღების შემდეგ; ტკივილი მატულობს, თუკი ანევრიზმული პარკი აწვება სპინურ ფესვებს.

 მუცლის აორტის ანევრიზმა – დიაგნოზი

ეყრდნობა კლინიკური გამოკვლევების მონაცემებს, მუცლის ღრუს მიმოხილვით რენტგენოსკოპიას, ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნესთან და რეტროპერიტონეალურ სიმსივნესთან.

მუცლის აორტის ანევრიზმა – მკურნალობა

მხოლოდ ოპერაციულია – ანევრიზმის რეზექცია პროთეზირებით.

მუცლის აორტის ანევრიზმა – პროგნოზი

არანამკურნალები ავადმყოფების დაახლოებით 90% იღუპება წლის განმავლობაში ანევრიზმის გასკდომის შედეგად. მასიური სისხლდენა წარმოიქნება რეტროპერიტონეალურ სივრცეში, მუცლის ღრუში და სხვ. ლეტალობა ასეთ დროს შეადგენს დაახლოებით 90%-ს. იშვიათად წარმოიქმნება თრომბოემბოლიური გართულებები.


  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები 

….