ტაკაიასუს დაავადება

ტაკაიასუს დაავადება  Takayasu’s disease

ტაკაიასუს დაავადება სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების ანთებით, მათი ნაწილობრივი ან სრული ობლიტერაციის განვითარებით; შესაძლოა დაზიანდეს აორტის სხვა ნაწილებიც.

 ტაკაიასუს დაავადების ეტიოლოგია  გამომწვევი  ცნობილი არ არის. პათოგენეზში წამყვანი ადგილი მიეკუთვნება იმუნურ დარღვევებს, დაზიანებული სისხლძარღვის კედლის ქრონიკული იმუნოკომპლექსური ანთების განვითარებით. ავადდებიან ძირითადად ახალგაზრდა ქალები.

ტაკაიასუს დაავადების სიმპტომები, მიმდინარეობა. დაზიანებული სისხლძარღვების ზონაში თანდათანობით მატულობს სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნები. ძირითადი სიმპტომია – პულსის არარსებობა ერთ, ან ორივე ხელზე, იშვიათად საძილე, ლავიწქვეშა, საფეთქლის არტერიებზე. ავადმყოფები უჩივიან ტკივილსა და პარესთეზიებს კიდურებში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, სისუსტეს ხელებში, თავბრუსხვევის შეტევებს. ოფთალმოსკოპიით ვლინდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების ცვლილებები (შევიწროება, არტერიულ-ვენური ანასტომოზების წარმოქმნა და სხვ.). ხშირად პროცესში ერთვება კორონარული არტერიები, რაც ვლინდება შესაბამისი სიმპტომატიკით. მუცლის აორტის დაზიანება მიმდინარეობს ვაზორენული ჰიპერტენზიის კლინიკით. დაავადების ზოგადი ნიშნებია – სუბფებრილიტეტი, ასთენიზაცია. ლაბორატორიული მაჩვენებლები ნაკლებად იცვლება. დაავადება ნელა პროგრესირებს, აქვს პერიოდული გამწვავებები და ვლინდება ამა თუ იმ უბნის იშემიის ნიშნებით. დაავადების ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს არტერიოგრაფია.

რევმატული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.