რეტროფარინგული აბსცესი

რეტროფარინგული აბსცესი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ხახის უკანა აბსცესი (რეტროფარინგული აბსცესი) (retropharyngeal abscess) – წარმოიქმნება ლიმფური კვანძებისა და ხახის უკანა სივრცის ქსოვილთა დაჩირქების შედეგად. ინფექცია ვრცელდება ლიმფური გზებით ცხვირის ღრუდან, ცხვირ-ხახიდან, სასმენი მილიდან და შუა ყურიდან. ზოგჯერ აბსცესი წარმოადგენს გრიპის, წითელას, ქუნთრუშას, გართულებას; შესაძლებელია განვითარდეს ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას უცხო სხეულებით, მაგარი საკვებით.

ხახის უკანა აბსცესი –სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ყლაპვის დროს მკვეთრი ტკივილით; ავადმყოფი უარს ამბობს საკვების მიღებაზე. აბსცესის ცხირ-ხახაში მდებარეობის დროს ირღვევა ცხვირით სუნთქვა, ვლინდება დახურული დუდღუნაობა. აბსცესის გავრცელებისას ხახის ქვედა ნაწილებზე წარმოიქმნება ინსპირატორული ქოშინი; ავადმყოფს ხმა ჩახლეჩილი აქვს, სხეულის ტემპერატურა აღწევს 39-400 С. დამახასიათებელია თავის იძულებითი მდებარეობა: იგი უკანაა გადაგდებული და დახრილია მტკივნეულ მხარეზე. ხშირად ვითარდება შეშუპება ქვედა ყბის კუთხის უკან და მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის წინა ზედაპირზე.

ხახის უკანა აბსცესი – დიაგნოზი ზუსტდება ფარინგოსკოპიით – ვლინდება ხახის უკანა კედელის ფლუქტუაციური შეშუპება. დაავადების პირველ დღეებში ხახის უკანა კედლის სფეროსებური გამობერვა აღინიშნება ცალ მხარეზე, შემდეგში – შუა ხაზზე. საეჭვო შემთხვევებში ტარდება დიაგნოსტიკური პუნქცია.

ხახის უკანა აბსცესი – გართულებები. ხორხის შესავლის მწვავე შეშუპება ან აბსცესის თავისათავადი გახსნა, რასაც ახლავს მოხრჩობის შეგრძნება ჩირქის მოხვედრის გამო ხორხში; ჩირქი შესაძლოა გავრცელდეს კისრის მსხვილი სისხლძარღვების მიდამოში ან ჩავიდეს გულმკერდის ღრუში და გამოიწვიოს ჩირქოვანი მედიასტინიტი ან ტრაქეის გაჭყლეტა.

ხახის უკანა აბსცესი – მკურნალობა. ხახის უკანა აბსცესის გახსნა, ანტიბაქტერიული და დეზინტოქსიკაციური თერაპია.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები