რეაქტიული ართრიტები

რეაქტიული ართრიტები

რეაქტიული ართრიტები ინფექციების შემდეგ განვითარებული ართრიტები, რომლებიც განპირობებული არ არიან სახსრის ღრუში ინფექციური აგენტის მოხვედრით. ჩვეულებრივ, რეაქტიულ ართრიტებს აქვთ იმუნოკომპლექსური ხასიათი, ანუ წარმოიქმნებიან გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში იმუნიტეტის დარღვევის შედეგად, მაკროფაგული სისტემის მიერ ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების უტილიზაციის უკმარისობის გამო. რეაქტიული ართრიტები შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ინფექციის შემდეგ (ბაქტერიული, ვირუსული და სხვ.), დამოუკიდებლად მათი სიმძიმისაგან, მაგრამ ხშირია იერსინიებით გამოწვეული ენტეროკოლიტებისა და საშარდე გზების ქლამიდიებით გამოწვეული ინფექციის შემდეგ.დაზიანებული სახსრების რიცხვი ჩვეულებრივ დიდი არ არის, ართრიტი ხშირად არასიმეტრიულია. ანთება ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურების სახსრებში, განსაკუთრებით ტერფის თითების სახსრებში; ვითარდება პერიარტიკულური შეშუპება, რომელიც ვრცელდება მთელს თითზე, კანის მოლურჯო ან მეწამული-მოლურჯო შეფერილობით. ართრიტებთან ერთად, დამახასიათებელია ენტეზოპათიების განვითარება – მყესების ანთება, განსაკუთრებით ხშირად ქუსლის არეში. ცალკეულ ავადმყოფს შესაძლოა აღენიშნებოდეს ტკივილი ხერხემლის არეში. ბევრ შემთხვევაში რეაქტიული ართრიტი ხანგრძლივი არ არის (რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე), გაივლის თვითნებურად, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა გახანგრძლივდეს და გახდეს ქრონიკული. ზოგჯერ აღინიშნება სახსარგარეთა გამოვლინებები: კანის დაზიანება ფსორიოზისებრი გამონაყარით, პირის ღრუს ლორწოვანის (ეროზიები), გარეთა სასქესო ორგანოების (ბალანოპოსტიტი, ვაგინიტი), თვალების (კონიუნქტივიტი), ასევე გულის (მიოკარდიტი, პერიკარდიტი), პერიფერიული ნერვული სისტემისა (ნევრიტი) და სხვ. დაზიანებებით. ურეთრიტის, კონიუნქტივიტისა და ართრიტის შერწყმისას დიაგნოსტირდება რეიტერის სინდრომი.

რეაქტიული ართრიტები – მკურნალობა ტარდება ძირითადად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდების სახსარშიგა შეყვანით. მიკრობიოლოგიურად დადასტურებული ინფექციების დროს ნაჩვენებია შესაბამისი ინფექციისსაწინააღმდეგო საშუალებები. გახანგრძლივებული მიმდინარეობისას ტარდება პლაზმოფერეზი.

რევმატული დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.