კეფალოჰემატომა (ახალშობილებში)

კეფალოჰემატომა (ახალშობილებში) cephal(o)hematoma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კეფალოჰემატომა (ახალშობილებში) სისხლჩაქცევა ქალას ძვლების გარეთა ზედაპირსა და მათ მფარავ ძვლისაზრდელას შორის.  კეფალოჰემატომის წარმოქმნას ხელს უწყობს გახანგრძლივებული მშობიარობა, ჰიპოქსია. ჰემატომა ხშირად ლოკალიზდება თხემისა და თხემ-კეფის არეში, ერთ ან ორივე მხარეზე. ჰემატომა შეიძლება იყოს მცირე ზომის, ან აღწევდეს მნიშვნელოვან ზომებს (30 მლ მოცულობითა და მეტი). ხასიათდება ზრდადობისაკენ მიდრეკილებით პირველ საათებში და დაბადებიდან 2-3 დღის განმავლობაში. დროთა განმავლობაში ხდება ჰემატომის გაწოვა და წარმოიქმნება შენადედი, რომელიც შემდგომში განიცდის ორგანიზაციას.

კალციუმის მარილების ჩალაგების შედეგად ვითარდება ჰემატომის ოსიფიკაცია, რაც იწვევს ქალას დეფორმაციას. ჰემატომის ოსიფიცირებული ნაწილი აწვება თხემის ძვლის შიგნითა ფირფიტას, იწვევს მის ატროფიას; ჰემატომის თხიერი ნაწილი გაიწოვება. დიდი ზომის ჰემატომების გაწოვის დროს ბავშვის მდგომარეობა შესაძლებელია გაუარესდეს. ამასთან, ახალშობილებში ჰეპატოციტების არასაკმარისი კონიუგაციური უნარის გამო, სისხლში ბილირუბინის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რის გამოც ვითარდება სიყვითლე, ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები.

დიდი ზომის ჰემატომების დროს ზოგჯერ ვითარდება ანემია. მცირე ზომის ჰემატომები გაიწოვებიან თავისთავად და სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებენ. დიდი ზომის ჰემატომების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა: მე-8-10 დღეზე მას ხსნიან და იღებენ შიგთავსს; პროგნოზი კეთილსაიმედოა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები