კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი conjunctivitis

კონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელქსოვილოვანი  გარსის ანთება.

კონიუნქტივიტი ადენოვირუსული

ვირუსებიკონიუნქტივიტი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადება წარმოიქმნება სპორადულად და ეპიდემიური აფეთქებების სახით, უპირატესად ბავშვთა კოლექტივებში. სიმპტომები. დასაწყისი მწვავეა. თვალის დაზიანებას წინ უძღვის და პროცესს ახლავს ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ყურის წინა ლიმფური კვანძების გადიდება (ხშირად ბავშვებში). აღინიშნება ცრემლდენა, სინათლის შიში, ქუთუთოების კანის შეშუპება და შეწითლება, ზომიერი ფლეფაროსპაზმი, კონიუნქტივის ჰიპერემია, მცირე არაჩირქოვანი გამონადენი (კატარალური ფორმა). არაიშვიათად დაავადებას ახლავს ფოლიკულების (ფოლიკულური ფორმა) ან აპკების გაჩენა. აპკოვანი ფორმა აღინიშნება ძირითადად ბავშვებში. რქოვანა იშვიათად ზიანდება ეპითელური წერტილოვანი კერატიტის სახით, რომელიც სწრაფად და უკვალოდ გაიწოვება. დიაგნოზი დადგენა ხდება შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: კონიუნქტივიტის შერწყმა ზედა სასუნთქი გზების კატართან და რეგიონალურ ადენოპათიასთან, ასევე ციტოლოგიური, სეროლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლვების საფუძველზე.

კონიუნქტივიტი – პროგნოზი

კეთილსაიმედოა, სათანადო მკურნალობის ჩატარების შედეგად: 2-4 კვირაში დგება სრული გამოჯანმრთელება.

კონიუნქტივიტი მწვავე

გამომწვევები: კოხი-უიქსის ჩხირი, პნევმო-, გონო-, სტრეპტო – და სტაფილოკოკები და სხვ. როგორც წესი, ხდება კონიუნქტივის ეგზოგენური დასნებოვნება. შესაძლებელია აუტოინფექცია. ხელშემწყობი ფაქტორებია – ორგანიზმის გაცივება ან გადახურება, ზოგადი დაუძლურება, კონიუნქტივის მიკროტრავმები. კოხი-უიქსის კონიუნქტივიტი (მწვავე ეპიდემიური კონიუნქტივიტი) გადაეცემა ავადმყოფის დაბინძურებული ხელებით და დაინფიცირებული საგნებით, განაპირობებს ეპიდემიოლოგიურ აფეთქებებსა და აღინიშნება ძირითადად ბავშვებში ზაფხულობით ცხელი კლიმატის ქვეყნებში. ბლენორეული კონიუნქტივიტს იწვევს გონოკოკი; ვითარდება ახალშობილებში ნაყოფის გავლისას დედის სამშობიარო გზებში, რომელიც დაავადებულია გონორეით. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე დასაწყისი: თვალებში ჭრის შეგრძნება, სინათლის შიში, ცრემლდენა, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება და ჰიპერემია, ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი. ბლენორეული კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია თავდაპირველად სეროზულ-სისხლიანი, ხოლო 3-4 დღის შემდეგ უხვი ჩირქოვანი გამონადენი. შესაძლებელია ინფილტრატების, რქოვანას წყლულების წარმოქმნა. კოხი-უიქსის კონიუნქტივიტის დროს ხშირია მრავლობითი სისხლჩაქცევები სკლერის კონიუნქტივაში და მისი შეშუპება სამკუთხა შემაღლებების სახით თვალის ნაპრალის საზღვრებში. მწვავე კონიუნქტივიტებისაგან განსხვავებით, მორაქსი-აქსენფელდის ჩხირით გამოწვეული კონიუნქტივიტი, გამოირჩევა ქვემწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობით და უპირატესად თვალის ნაპრალის კუთხეებში ლოკალიზაციით. დაავადების ეტიოლოგიის დასადგენად აუცილებელია კონიუნქტივის გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

პროგნოზი: დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.


კონიუნქტივიტი ქრონიკული – ეტიოლოგია, პათოგენეზი

კონიუნქტივის ხანგრძლივი გაღიზიანება (მტვერი, კვამლი, ქიმიური შენარევები ჰაერში და სხვ.), ავიტამინოზი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ცხვირისა და საცრემლე გზების ქრონიკული დაზინებები, ამეტროპიები. სიმპტომები: ქავილი, წვა, მტვრიის შეგრძნება, სინათლის შიში, თვალების გადაღლა. კონიუნქტივის მსუბუქი შეშუპება, ჰიპერემია, მცირედი ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი. მიმდინარეობს ხანგრძლივად.

გონოკოკური კონიუნქტივიტი – (ბლენორეა) ეტიოლოგია

გამომწვევები – ნეისერის გონოკოკები. ახალშობილებში დასნებოვნება ხდება მშობიარობის დროს დაავადებული დედიდან; მოზრდილებში გამომწვევის გადაცემა ხდება ინფიცირებული საგნებით ან ხელებით გონოკოკური ურეთრიტით დაავადებულისგან.

გონოკოკური კონიუნქტივიტისიმპტომები

როგორც წესი ზიანდება ორივე თვალი. დაბადებიდან მე – 2 – მე – 3 დღეს ჩნდება ქუთუთოების მკვეთრი შეშუპება და გამკვრივება, კონიუნქტივის ინფილტრაცია და სისხლდენადობა. 3 – 4 დღის შემდეგ ქუთუთოების შეშუპება მცირდება, კონიუნქტივა ხდება ხორკლიანი, მუთაქის მსგავსი, რომელიც გარს ერტყმის რქოვანას. აღინიშნება უხვი ჩირქოვანი გამონადენი. შესაძლებელია რქოვანას ინფილტრაციის ან წყლულის განვითარება, რომელმაც შესაძლოა განიცადოს პერფორაცია ან წარმოიქმნას ლიბრი, რასაც მივყავართ სიბრმავემდე. მოზრდილებში ბლენორეის მიმდინარეობა უფრო მძიმეა.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონიუნქტივიტი – თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის კონიუნქტივის ანთება; ყველაზე გავრცელებლი თვალის დაავადება. წარმოშობის მიხედვით კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ეგზოგენური და ენდოგენური. ეგზოგენურს (უფრო ხშირია), იწვევს სხვადასხვა მიკრობი (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, დიფთერიის ჩხირი, გონოკოკი, კონიუნქტივიტის სპეციფიკური გამომწვევი კოხ – ვიქსის ჩხირი და სხვ.), ვირუსული ინფექცია, აგრეთვე მექანიკური გაღიზიანება (მაგ., თვალში უცხო სხეულის მოხვედრა), მაიონიზებელი გამოსხივება, ულტრაიისფერი სხივები, ქიმიური და სხვა ფაქტორები. ენდოგენური კონიუნქტივიტის მიზეზი შეიძლება იყოს საერთო ინფექცია ( წითელა, ქუნთრუშა და სხვ.). კბილების, კუჭ – ნაწლავის, ღვიძლის დაავადებები, ცხვირ – ხახის ანთებითი პროცესები; ენდოგენურ კონიუნქტივიტს განეკუთვნება ალერგიული კონიუნქტივიტიც. კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე კონიუნქტივიტს ახასიათებს თვალიდან ჩირქობანი გამონადენი, ქუთუთოებისა და თვალის კაკლის კონიუნქტივის გაწითლება, თვალის შეშუპება, კონიუნქტივის ქვეშ წერტილოვანი სისხლჩაქცევები. ზოგჯერ კონიუნქტივის ზედაპირზე წარმოიქმნება ბორცვები, დვრილები და მისი ზედაპირი უსწორმასწორო ხდება. ქრონიკული კონიუნქტივიტის დროს კონიუნქტივაში ცვლილებები ზომიერადაა გამოხატული. უფრო დამახასიათებელია სინათლის შიში და თვალში უცხო სხეულის მოხვედრის სუბიექტური შეგრძნება. მკურნალობა: სულფანილამიდური პრეპარატები დ ანტიბიოტიკები (წვეთებში); ზოგჯერ ჰორმონული (კორტიკოსტეროიდული) პრეპარაები. ჩირქოვანი გამონადენის დროს თვალის გამორეცხვა ბორის მჟავათი და კალიუმპერმანგანატის სუსტი ხსნარით. [“1”]