ეშერიქიოზები

ეშერიქიოზები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეშერიქიოზები ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირების სხვადასხვა შტამებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ნაწლავის უპირატესი დაზიანებით. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანები და ჯანმრთელი ბაქტერიომტარებლები; გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. ხშირად ავადდებიან ბავშვები.

 

 ეშერიქიოზები – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, რომელსაც გააჩნია მრავალი ანტიგენური ვარიანტი. ბავშვებში დაავადებას ხშირად იწვევს შემდეგი ჯგუფები: 011, 055, 026,086,0119 და სხვ. მოზრდილებში უმრავლეს შემთხვევაში გამომწვევია ეშერიქია 0124. გამომწვევი ბინადრობს წვრილ ნაწლავში. ეშერიქიის ენდოტოქსინი ახდენს ენტეროტროპულ მოქმედებას და იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოხატულ ტოქსიკურ დაზიანებას. ტოქსინის ზოგადი მოქმედება ვლინდება არტერიული წნევის დაქვეითებით, ზოგჯერ კი ინფექციური კოლაფსის განვითარებით.

ეშერიქიოზები – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-6 დღე. (ხშირად 4-5 დღე). ეშერიქიოზები შესაძლებელია მიმდინარეობდნენ შემდეგი კლინიკური ფორმებით: 1. ბავშვთა ნაწლავური დაავადებები; 2. მოზრდილთა ნაწლავური დაავადებები; 3. სეფსისი. ბავშვებში ეშერიოქიოზის ნაწლავური ფორმები მიმდინარეობენ სხვადასხვა სიმძიმის ენტერიტების და ენტეროკოლიტების სახით, ზოგადი ინტოქსიკაციის სინდრომთან ერთად. მსუბუქი ფორმების დროს სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია, დეფეკაცია დღეში 3-5-ჯერ, თხიერი, ზოგჯერ მცირედი ლორწოს შერევით.

საშუალო სიმძიმის ფორმა იწყება მწვავედ, ვლინდება ღებინება, მატულობს ტემპერატურა (38-390 C), მუცელი შებერილია, დეფეკაცია დღეში 10-12-ჯერ, თხიერი, ლორწოს შემცველი განავლით. მძიმე ფორმები ხასიათდებიან მკვეთრად გამოხატული ტოქსიკოზით, დეფეკაცია დღეში 20-ჯერ, წყლიანი, ქაფიანი, ლორწოსა და ზოგჯერ კი სისხლიანი განავლით. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-400 C, მადა დაქვეითებულია, ბავშვი მოუსვენრადაა, კანის საფარველი ფერმკრთალია, არტერიული წნევა დაქვეითებულია, აღინიშნება სიგამხდრე. მოზრდილებში ეშერიქია 0124 გამოწვეული დაავადება მიმდინარეობითა და კლინკური სიმპტომებით მოგვაგონებს დიზენტერიას. მიმდინარეობს ხშირად წაშლილი და მსუბუქი ფორმებით, იშვიათად (15-20%) გვხვდება საშუალო სიმძიმისა და მძიმე (3%) ფორმები. ტენეზმები და დეფეკაციის ცრუ სურვილები იშვიათია, ვიდრე დიზენტერიის დროს. განავალი თხიერია, ლორწოსა და ზოგჯერ სისხლის შერევით. პალპაციით გარდა მსხვილი ნაწლავის სპაზმისა და მტკივნეულობისა, აღინიშნება ენტერიტის სიმპტომები – მტკივნეულობა ჭიპის არეში, უხეში ყურყური ბრმა ნაწლავის პალპაციის დროს.

ეშერიქიოზები დიაგნოზი. დიაგნოსტირება ხდება განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.

ეშერიქიოზები – მკურნალობა.მოზრდილებში ეშერიქიოზების მსუბუქი ფორმების დროს შესაძლებელია შემოვაფარგლოთ პათოგენეტიკური და სიმპტომატური თერაპიით. ეტიოტროპული პრეპარატებიდან გამოიყენება უპირატესად ამინოგლიკოზიდები. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა. გამოხატული ტოქსიკოზის დროს გამოიყენება ინფუზური თერაპია. პროგნოზი მოზრდილებისათვის და წლის ზევით ასაკის ბავშვებში კეთილსაიმედოა; განსაკუთრებით მძიმედ დაავადება მიმდინარეობს ბავშვებში სიცოცხლის პირველი ექვსი თვის პერიოდში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები