მენინგოკოკური ინფექცია

მენინგოკოკური ინფექცია meningococcosis

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე 

მენინგოკოკური ინფექცია – მენინგოკოკებით გამოწვეული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ნაზოფარინგიტის, ჩირქოვანი მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს. ფართოდაა გავრცელებული მენინგოკოკების ჯანმრთელი მტარებლობა.

მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემიოლოგია

დაავადების წყარო – ავადმყოფი მენონგოკოკური ინფექციის კლინიკურად გამოხატული გამოვლინებებით (ნაზოფარინგიტი, მენინგიტი), აგრეთვე მენინიგოკოკების მტარებლები. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. დაავადების მატება აღინიშნება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს. ვლინდება როგორც ერთეული (სპორადული) შემთხვევები, ასევე ეპიდემიური აფეთქებები; ეს უკანასკნელი ხშირად ვითარდება საბავშვო კოლექტივებში და საერთო საცხოვრებლებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მენინგოკოკები წარმოადგენენ წყვილად განლაგებულ, გრამუარყოფით სფერულ წარმონაქმნებს; ცერებროსპინალურ სითხეში ლოკალიზდებიან უჯრედის შიგნით და აქვთ ყავის მარცვლის მსგავსი ფორმა. გარემოში სწრაფად იღუპებიან; არსებობს გამომწვევის სხვადასხვა სეროტიპები; მგრძნობიარენი არიან პენიცილინის, ლევომიცეტინის, ტეტრაციკლინების მიმართ.

ინფექციის კარია ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი. უმრავლეს შემთხვევაში მენინგოკოკების არსებობა ლორწოვან გარსზე არ იწვევს დაავადების განვითარებას (მტარებლობა). ზოგიერთ დაინფიცირებულებში ვითარდება მწვავე ნაზოფარინგიტის სურათი, და მხოლოდ ზოგიერთებთან მენინგოკოკი აღწევს სისხლში, ჰემატოგენურად აზიანებს სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებს (მენინგოკოკემია). ზოგჯერ ცვლილებები ლოკალიზდება უპირატესად ტვინის გარსებში (ცერებროსპინალური მენინგიტი). შესაძლებელია ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება.

სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი 2 – 10 დღე. ეპიდემიური მენინგოკოკური მენინგიტი, როგორც წესი, იწყება მწვავედ. თუმცა შემთხვევათა დაახლოებით 15% – ში აღინიშნება პროდრომული პერიოდი საერთო სისუსტის, ოფლიანობის, ზომიერი თავის ტკივილის, 1 – 2 დღის განმავლობაში ტემპერატურის უმნიშვნელო მომატების სახით.

პატარა ბავშვებში, შემცივნების შემდეგ, ხშირია ღებინებები, 6 – 8 საათის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა იმატებს 39,5 – 40 გრადუსამდე, ვითარდება მძაფრი თავის ტკივილი, რომელიც მალე შემაწუხებელი ხდება. ავადმყოფი საწოლში ღებულობს იძულებით პოზას, (,,მწევარის პოზა” უკან გადაწეული თავით და მუცელთან მიტანილი ფეზებით). ავადმყოფის დათვალიერებისას, იძულებითი პოზის გარდა, ყურადღებას იქცევს სახის ჰიპერემია, შეხებით ცხელი კანი, ჰიპერესთეზია, მყარი, წითელი დერმოგრაფიზმი.

ზოგიერთ ავადმყოფს უვითარდება ჰერპესული ან პეტექიალური გამონაყარი. აღინიშნება დარღვევები თავის ქალის ნერვების მხრიდან: კონვერგენციის და აკომოდაციის დარღვევა, სიელმე (სტრაბიზმი), მარჯვენა და მარცხენა თვალის გუგების არათანაბარი გაფართოება. (ანიზოკორია).

ზოგიერთ ავადმყოფს აღენიშნება გონების დაბინდვა, იშვიათად – ბოდვა, შეაწუხებელი მოძრაობა და კუნთოვანი კრუნჩხვები. დამახასიათებელია მენინგეალური სინდრომის განვითარება: კეფის კუნთების რიგიდობა, კერნინგის დადებითი სიმპტომი. რიგ შემთხვევებში ვითარდება სხვა სიმპტომებიც – ბრუდძინსკის (ზედა და ქვედა), გორდონისა და ოპენჰეიმის. სისხლში ვლინდება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი (35 – 45 . 109/ლ) მარცხნივ გადახრით. ზურგის ტვინის პუნქციისას, მაღალი წნევის ქვეშ ვღებულობთ მუქ, ჩირქოვან სითხეს, რომელიც შეიცავს ცილების, ნეიტროფილური ლეიკოციტების დიდ რაოდენობას; პანდისა და ნონე – აპელტის რეაქციები დადებითია. თუ ზურგის ტვინის სითხე აღებულ იქნა ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, მაშინ პრეპარატების გრამით წესით შეღებვის შემდეგ მათში მოჩანს მენინგოკოკები.

იშვიათად მენინგიტმა შეიძლება მიიღოს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. ეპიდემიური მენინგიტის მძიმე მიმდინარეობისას, პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია, შესაძლებელია გართულებების განვითარება (თავის ქალის ნერვების პარეზები და დამბლები, თავის ტვინის შეშუპება, ჩირქოვანი პროცესები – ოტიტები, სინუსიტები, მასტოიდიტები.). პატარა ბავშვებში, ჩირქოვანი მენინგოკოკური მენინგიტის შორეული გართულება და გამოსავალი შეიძლება იყოს თავის ტვინის წყალმანკი, რომელსაც თან სდევს თავის ზომების მნიშვნელოვანი და მყარი ზრდა, ქალის ნაკერების დაშორება.

ანტიბიოტიკებით ადრე დაწყებულმა და სწორმა მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს დაავადების სასურველ შედეგამდე (დაავადების დაწყებიდან მე – 12 – მე – 14 დღეზე).

ზემოთ აღწერილი, მენინგოკოკური ეპიდემიური მენინგიტის ტიპიური სურათის გარდა, შესაძლებელია შეგვხვდეს მისი ვარიანტებიც. კერძოდ, ელვისებური ფორმა, რომელიც იწყება ძალიან მწვავედ (გონების დაბინდვა, მაღალი ტემპერატურა, განმეორებითი ღებინება, საერთო კრუნჩხვები, თავის უკან გადაგდება, სასუნთქი და გულ – სისხლძარღვთა სისტემების ღრმა დარღვევები, თავის ტვინის შეშუპება), სასწრაფო, ინტენსიური თერაპიის გარეშე, 12 – 24 საათის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სიკვდილი.

მენინგიტის ენცეფალიტურ ფორმას თან სდევს გონების დაკარგვა, კუნთვითი კრუნჩხვები, სხადასხვა ჯგუფის კუნთების პარეზი; აღნიშნული ფორმა ძირითადად გვხვდება მცირე ასაკის ბავშვებში. გვხვდება აგრეთვე დაავადების მსუბუქად, ატიპიურად მიმდინარე ფორმები; ასე მაგალითად აბორტული ფორმის დროს აღინიშნება მწვავე დაწყება, ცხელების ხანმოკლე პერიოდი, თავის ტკივილი, კეფის კუნთების რიგიდობა; დაავადების დაწყებიდან 2 – 3 დღის შემდეგ, ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშეც, ტემპერატურა ქვეითდება ნორმამდე, უკუვითარდება დაავადების სხვა კლინიკური სიმპტომებიც.

მენინგოკოკცემია

იწყება მწვავედ, მიმდინარეობს მძიმე სეფსისის კლინიკური სურათით, მაღალი ცხელებითი რეაქციებით. დაავადების დაწყებიდან დაახლოებით ერთი დღე – ღამის შემდეგ სახის, ქვედა კიდურების კანზე ჩნდება ინტენსიური ვარდისფერი ან მოლურჯო ელფერის როზეოლური და პაპულოზური ელემენტები, აგრეთვე – წვრილი, ჰემორაგიული ელემენტები და არასწორი, ვარსკვლავის ფორმის წითელი ლაქები, რომლებიც შემდგომ ნეკროზდებიან (გამონაყრის ელემენტის ცენტრში კანი ღებულობს მუქ ლურჯ, თითქმის შავ ელფერს).

ამის გარდა, შეიძლება განვითარდეს საკმაოდ დიდი ზომის ჰემორაგიული ლაქები. ცალკეულ ავადმყოფებში, მენინგოკოკცემიას თან სდევს ართრიტები, ამასთან უპირატესად ზიანდება წვრილი სახსრები. ცალკეულ შემთხვევებში მენინგოკოკცემია იწვევს ჩირქოვანი მენინგიტის განვითარებას. სასწრაფოდ დაწყებული ინტენსიური მკურნალობის გარეშე, ვითარდება უმძიმესი ინფექციურ – ტოქსიკური შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (უოტერჰაუს – ფრიდერიქსენის სინდრომი), მძიმე კოლაფსი, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზი

დაავადების ამოცნობა ხდება ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების საფუძველზე, მენინგიტის გამოვლინების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევას. დიფერენციალური დიაგნოზის ჩატარება ხდება სხვა ეტიოლოგიის ჩირქოვან მენინგიტებთან (პნევმოკოკური, სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური და სხ.), ჰემორაგიული გამონაყრის არსებობის შემთხვევაში – პარტახტიან ტიფთან, მენინგოკოკცემიის შემთხვევაში – სეფსისთან, ჰემორაგიულ ცხელებებთან, წამლისმიერ დაავადებებთან.

მენინგოკოკური ინფექციის გართულებები

ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა, ტვინის შეშუპება. აუცილებელია დიფერენცირება სხვა ჩირქოვან მენინგიტებთან. დაავადების დამადასტურებელია მენინგოკოკის გამოყოფა ცერებროსპინალური სითხიდან ან სისხლიდან.

მენინგოკოკური ინფექციის პროგნოზი

ადრე დაწყებული და ადეკვატური მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. მძიმე ფორმებისა და არადროულად დაწყებული მკურნალობის დროს შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. რეკონვალესცენტები უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პროფილაქტიკა

ავადმყოფთა გამოვლინება და იზოლაცია.

____________________________________________

თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიები:

__________________________________________________

საავტორო უფლებები და რეკლამა მენინგოკოკური ინფექციის პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გადასვლა >>>> ინფექციური დაავადებები

_______________________________