ლისტერიოზი

ლისტერიოზი listeriosis

ლისტერიოზი ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან; ხასიათდება კლინიკური გამოვლინებების პოლიმორფიზმით. მწვავე ფორმები მიმდინარეობს ჩირქოვანი მენინგიტების, მენინგოენცეფალიტების, სეფსისის, შარდგამომყოფი გზების ქრონიკული, – ხშირად კი მორეციდივე ანთების სახით. სჭარბობს ინფიცირების ალიმენტური გზა.

ლისტერიოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლისტერიების წარმოადგენენ მოკლე, გრამდადებით ჩხირებს; გარემოში მდგრადი ანაერობებია, მგრძნობიარენი პენიცილინის, ტეტრაციკლინის, ერითრომიცინის, ლევომიცეტინის მიმართ. ინფექციის შეჭრის კარია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსი. ზოგიერთ შემთხვევებში წარმოიქმნება ლისტერიების ჯანმრთელი მტარებლობა. სისხლში ლისტერიების მოხვედრისას შესაძლებელია განვითარდეს სეპტიკური დაავადება, ხოლო ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეღწევისას – ვითარდება მენინგიტი ან მენინგოენცეფალიტი.

ლისტერიოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2-4 კვირა. ლისტერიოზის მწვავე ფორმები იწყება უეცრად: აღინიშნება შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, ტკივილი კუნთებში. დაავადება ხშირად მიმდინარეობს ეგზანთემით. გამონაყარი მსხვილ-ლაქოვანია ან ერითემატოზული, ჯგუფდება მსხვილი სახსრების არეში, სახეზე კი წარმოქმნის ,,პეპელას“. ჯირკვლოვანი ფორმების დროს, გარდა ამისა, აღინიშნება პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება და მტკივნეულობა. ნერვული ფორმების დროს  – მენინგეალური სიმპტომები, ზოგჯერ ენცეფალიტის ნიშნებით. ზურგის ტვინის სითხეს აქვს ჩირქოვანი ხასიათი; ღვიძლი და ელენთა გადიდებულია. ზოგჯერ ლისტერიოზის კლინიკურ სურათში პირველ პლანზე გამოდის მწვავე გასტროენტერიტის სიმპტომები, ასევე პიელიტის, ენდოკარდიტის. ახალშობილთა ლისტერიოზი მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და შემთხვევათა 50%-ში მთავრდება ლეტალობით. აღინიშნება მაღალი ცხელება, ქოშინი, ციანოზი, ზედა სასუნთქი გზების ანთება, სპეციფიკური ლისტერიული პნევმონია, არაიშვიათად გართულებული ჩირქოვანი პლევრიტით. ღვიძლი და ელენთა გადიდებულია, ცალკეულ ავადმყოფებში ვლინდება სიყვითლე, ზოგჯერ ეგზანთემა. პროცესში ხშირად ჩართულია ცენტრალური ნერვული სისტემა. ქრონიკული ფორმების დროს ლისტერიები ხანგრძლივად რჩებიან ადამიანის ორგანიზმში და არ იწვევენ გამოხატულ კლინიკურ ცვლილებებს. ზოგჯერ კი ისინი იწვევენ გამწვავებას გრიპისმაგვარი დაავადებების სახით ან ქრონიკული პიელიტის გამწვავებას. ორგანიზმის დაუძლურების დროს ზოგჯერ ვითარდება მძიმე გენერალიზებული ინფექცია. კლინიკური დიაგნოსტირება საკმაოდ გართულებულია. დაავადების უტყუარი დამადასტურებელია სისხლიდან, ასევე ზურგის ტვინის სითხიდან, სანაყოფე წყლებიდან, ხახის ჩამონარეცხიდან გამომწვევის გამოყოფა. სეროლოგიურ გამოკვლევებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

ლისტერიოზი – მკურნალობა. ლისტერიოზის დროს მწვავე ფორმების დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. პროგნოზი ჯირკვლოვანი ფორმების დროს კეთილსაიმედოა. ორსულებში ლისტერიოზმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება. ლისტერიული მენინგოენცეფალიტების შემდეგ შესაძლებელია მყარი რეზიდუალური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლისტერიოზი – ადამიანისა და ცხოველების მწავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ბაქტერიები – ლისტერიები. დასნებოვნება ხდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და რძის, ბოსტნეულის, წყლის გამოყენებისას. ვლინდება ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის, ლიმფური კვანძების, ნერვული სისტემის დაზიანებით, კანზე გამონაყარით, ანგინით. მკურნალობა – ანტიბიოტიკები.