ვირუსული ჰეპატიტი

ვირუსული ჰეპატიტი viral hepatitis

არჩილ შენგელია

ვირუსული ჰეპატიტი (ბოტკინის დაავადება) – ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციითა და ღვიძლის უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება ვირუსული ჰეპატიტი А (ინფექციური ჰეპატიტი), ვირუსული ჰეპატიტი В (შრატისმიერი ჰეპატიტი) და არც А და არც В ჰეპატიტი.

ვირუსული ჰეპატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. А ჰეპატიტის ვირუსები მდგრადია ეთერის, მჟავეების მიმართ, მგრძნობიარეა ფორმალინისადმი, დუღილისას ინაქტივირდება 5 წუთის განმავლობაში. გამოიყოფა ფეკალიებთან, ინკუბაციური პერიოდის დამთავრებიდან შუალედურ პერიოდამდე.

სიყვითლის გაჩენასთან ერთად განავალში ვირუსის აღმოჩენა ვერ ხერხდება. В ჰეპატიტის ვირუსები სძლებს ოთახის ტეპერატურაზე 6 თვემდე, უძლებს გაცხელებას 60 გრადუსამდე 10 საათის განმავლობაში 100 ტეპერატურის დროს. ინაქტივირდება 10 წუთის განმავლობაში. მდგრადია ქიმიური ფაქტორებისადმი. ადამიანის ორგანიზმში შესაძლებელია გაძლოს რამდენიმე წლის განმავლობაში. А ჰეპატიტის ვირუსის შეღწევა ხდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანიდან. В ჰეპატიტის ვირუსები ორგანიზმში აღწევს სისხლის ან სისხლის პრეპარატების გადასხმისას (გარდა ალბუმინისა და დონორის იმუნოგლობულინისა), სამედიცინო მანიპულაციების, ტატუირების, სისხლთან კონტაქტის დროს; შესაძლებელია ინფექციის სქესობრივი გზით გადაცემა.

ვირუსული ჰეპატიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. А ჰეპატიტის დროს ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7-დან 50 დღემდე (ხშირად 15-30 დღე), ხოლო В ჰეპატიტის დროს 50 დღიდან 180 დღემდე (ხშირად 60-120 დღე). ვირუსული ჰეპატიტები, შესაძლოა მიმდინარეობდეს სიყვითლით, უსიყვითლოდ და სუბკლინიკური ფორმებით. ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ დაავადების მწვავე (3 თვემდე), გახანგრძლივებულ (3-6 თვე) და ქრონიკულ (6 თვეზე მეტი) მიმდინარეობას.

დაავადება იწყება თანდათანობით სიყვითლის წინა პერიოდიდან, რომელიც გრძელდება 1-2 კვირა. განასხვავებენ ამ პერიოდის გრიპისებრ, დისპეფსიურ, ასთენოვეგეტატიურ და ართრალგიურ ვარიანტებს. სიყვითლის წინა პერიოდის ბოლოს შარდი მუქდება, განავალი უფერულდება, ვლინდება გადიდებული ელენთა, მატულობს შრატისმიერი ფერმენტების აქტივობა, განსაკუთრებით ასპარტ-ამინოტრანსფერაზასი.

სიყვითლის პერიოდში ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ყრუ ტკივილს ღვიძლის არეში, კანის ქავილს. სიყვითლე თანდათანობით მატულობს, მისი გამოხატულება ასახავს დაავადების სიმძიმეს, თუმცა შესაძლებელია იყოს მძიმე ფორმები მცირე სიყვითლის დროსაც. არაიშვიათად გადიდებულია არა მხოლოდ ღვიძლი, არამედ ელენთაც. А ჰეპატიტის დროს სიყვითლის პერიოდი გრძელდება 7-15 დღე, გამოჯანმრთელება დგება 1-2 თვის განმავლობაში. ვირუსული ჰეპატიტი B შესაძლებელია მიიღოს გახანგრძლივებული და ქრონიკული მიმდინარეობა.

ჰეპატიტი B-ს დროს შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობა ( ღვიძლის კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). ღვიძლის უმარისობის პროგრესირების ნიშნებია – მეხსიერების გაუარესება, საერთო სისუსტის მატება, თავბრუსხვევა, აგზნება, ღებინების გახშირება, სიყვითლის გაძლიერება, ღვიძლის ზომების შემცირება, ჰემორაგიული სინდრომი, ასციტი, ცხელება, ნეიტროფილური ლეიკოზიტოზი, ქოლესტერინის დონის შემცირება (2,6 მმოლ/ლ-ზე ქვევით), ეთერიფიკაცის კოეფიციენტი ნაკლებია 0,2; სულემის ტიტრი ნაკლებია 1,4, პროთრომბინის ინდექსი 40%-ზე ქვევითაა, ფიბრინოგენის 2,93 მკმოლ/ლ.

ვირუსული ჰეპატიტი – დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. დიაგნოზის ლაბორატორიული დადასტურებაა სისხლის შრატში ანტისხეულის აღმოჩენა ჰეპატიტის А ვირუსის მიმართ. ხოლო В ჰეპატიტის დროს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ზედაპირული ანტიგენის ან მისი ანტისხეულის გამოვლინებას.

ვირუსული ჰეპატიტი – მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდია დიეტა. ნაჩვენებია სითხეები 2-3 ლ/დღეში წვენების, ტუტე მინერალური წყლების სახით, ინიშნება ვიტამინების კომპლექსი. საშუალო სიმძიმის ფორმების დროს წვეთობრივად შეჰყავთ ვენაში გლუკოზის 5%-იანი ხსნარი და რინგერ-ლოკის ხსნარი 250-300 მლ. შედარებით მძიმე შემთხვევებში შეჰყავთ ვენაში ჰემოდეზი ან რეოპოლიგლუკინი 200-400 მლ. მძიმე ფორმების დროს ავადმყოფები გადაჰყავთ პალატაში ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შეჰყავთ ვენაში 10%-იანი გლუკოზა. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს შეჰყავთ პრედნიზოლონი (ვენაში ან კუნთებში) 60-90 მგ/დღეში. ვენაში შეჰყავთ 10 000 – 30 000 მე კონტრიკალი (ტრასილოლი).

ვირუსული ჰეპატიტი – პროგნოზი როგორც წესი კეთილსაიმედოა. ჰეპატიტ В შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები