არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია arterial hypertension
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე 

არტერიული ჰიპერტენზია სისხლის არტერიული წნევის მომატება აორტიდან არტერიოლების ჩათვლით. ნორმაში 20-40 წლის ასაკის პირებში არტერიული წნევა 140/90 მმ ვწყ სვ – ზე ქვევითაა, 41-დან 60 წლამდე 145/90 მმ ვწყ სვ-ზე ქვევითაა; 60 წლის ასაკზე ზემოთ ჯანმრთელებში სისტოლური წნევა უმრავლეს შემთხვევაში არ აღემატება 160-ს, ხოლო დიასტოლური 90 მმ ვწყ სვ. აუცილებელია განვასხვავოთ არტერიული წნევის სპორადული (სიტუაციური), მწვავე ზომიერი და ქრონიკული მომატება. ასევე პირველადი და მეორადი არტერიული ჰიპერტენზია.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ფარგლებში განიხილავენ დაავადებას, რომელსაც ეწოდება ესენციური ჰიპერტენზია, ან ჰიპერტონული დაავადება.
ეორადი (სიმპტომატური) არტერიული ჰიპერტენზია დაკავშირებულია ორგანოების ან სისტემების დაზიანებასთან, რომლებიც პირდაპირ ან გასაშუალებულ ახდენენ ზემოქმედებას არტერიულ წნევის დონეზე. არტერიული წნევის მომატება წარმოადგენს ამ ორგანოების ან სისტემების დაავადების ერთ – ერთ სიმპტომს. ეტიოლოგიური ან წამყვანი პათოგენეტიკური ფაქტორის მოხსნა ხშირად იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზაციას ან მის მნიშვნელოვან დაქვეითებას.
მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიცირება შემდეგნაირია: 1. თირკმლისმიერი; ა) პარენქიმული; ბ) რენოვასკულური; 2. ენდოკრინული; 3. ჰემოდინამიკური (კარდიოვასკულური, მექანიკური); 4. ნეიროგენური (კეროვანი); 5. დანარჩენი.
თირკმლისმიერი პარენქიმული არტერიულ ჰიპერტენზია ვითარდება  მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტების და პიელონეფრიტების დროს; რენოვასკულური არტერიული ჰიპერტენზია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.
ენდოკრინული არტერიული ჰიპერტენზია განპირობებულია ფეოქრომოციტომით და სხვა ქრომაფილური სიმსივნეებით, პირველადი ალდოსტერონიზმით, იცენკო-კუშინგის დაავადებითა და სინდრომით, აკრომეგალიით და სხვ.
ჰემოდინამიკური ან კარდიოვასკულარული არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება შეცვლილი ჰემოდინამიკის შედეგად, ძირითადად, მექანიკური ფაქტორების ხარჯზე. მათ მიეკუთვნება სისტოლური არტერიული ჰიპეროტენზია აორტის ათეროსკლეროზის, აორტის სარქველების უკმარისობის, ღია არტერიული ხვრელის, არტერიოვენური ფისტულების, ბლოკადის, პეჯეტის დაავადების, თირეოტოქსიკოზის დროს. ნეიროგენური არტერიული ჰიპერტენზია წარმოიქმნება თავისა და ზურგის ტვინის კეროვანი დაზიანებების, მოგრძო ტვინის სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრის აგზნების დროს.

მაღალი ქოლესტერინის დროს ჰიპერქოლესტერინემიის შედეგად წარმოქმნილი ათეროსკლეროზული ბალთები იწვევენ სისხლძარღვის სანათურის შევიწროებას და ორგანოთა სისხლმომარაგების შეფერხებას. ყოველივე ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას და არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებას. იხ. სტატია ,,არტერიული ჰიპერტენზია და ქოლესტერინი”

გამომწვევი მიზეზები

ჰიპერტონული დაავადების მიზეზების ფორმირება სრულად დადგენილი არ არის. თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ფაქტორს: ნორადრენალინსა და ნატრიუმს. ჰიპერტონული დაავადების ფორმირებისათვის აუცილებელია მემკვიდრული წინასწარგანწყობის შერწყმა გარეშე ფაქტორების არასასურველ ზემოქმედებასთან. არსებობს გარკვეული კავშირი სიმსუქნესა და არტერიული წნევის მომატებას შორის.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება იშვიათად იწყება 30 წელზე ახალგაზრდა და 60 წელზე უფროსი ასაკის პირებში. მყარი სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდებში წარმოადგენს საფუძველს მეორადი, განსაკუთრებით რენოვასკულური ჰიპერტენზიის ძიებისა. ჰიპერტონული დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდებით.
განასხვავებენ დაავადების ნელა მოპროგრესირე (კეთილთვისებიან) და სწრაფად მოპროგრესირე (ავთვისებიან) მიმდინარეობას. ნელი მიმდინარეობის დროს დაავადება  გაივლის 3 სტადიას კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც მიღებულია მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ.

პირველი (მსუბუქი) სტადია

პირველი (მსუბუქი) სტადია ხასიათდება არტერიული წნევის შედარებით მცირედი მომატებით: 160-177 (180) მმ ვწყ სვ სისტოლური, 95-104 (105) მმ ვწყ სვ – დიასტოლური წნევის ფარგლებში. არტერიული წნევის დონე არამყარია; მოსვენებულ მდგომარეობაში წნევა თანდათანობით ნორმალიზდება, მაგრამ დაავადება უკვე ფიქსირებულია და არტერიული წნევის მატება აუცილებლად კვლავ იჩენს თავს. ავამყოფთა ნაწილს არავითარი ჩივილები არ აღენიშნებათ; სხვებში აღინიშნება თავის ტკივილი, ხმაური თავში, ძილის დარღვევა, შრომისუნარიანობის დაქვეითება. თავბრუსხვევები, ცხვირიდან სისხლდენა. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები გამოხატული არ არის, ეკგ მცირედაა გადახრილი ნორმიდან; თირკმლის ფუნქცია დარღვეული არ არის, თვალის ფსკერი პრაქტიკულად უცვლელია.

მეორე სტადია (საშუალო)

მეორე სტადია (საშუალო) წინა სტადიისაგან განსხვავდება არტერიული წნევის შედარებით მეტი და მყარი მომატებით, რომელიც ავადმყოფის მშვიდ მდგომარეობაში 180-200 მმ ვწყ სვ სისტოლური და 105-114 მმ ვწყ სვ დიასტოლური წნევის ფარგლებშია. ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ტკივილს გულის არეში, ხშირად სტენოკარდიული ხასიათის.
ამ სტადიისათვის ტიპიურია ჰიპერტონული კრიზები. ვლინდება სამიზნე-ორგანოების დაზიანების ნიშნები: მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (ზოგჯერ მხოლოდ პარკუჭთაშუა ძგიდის), პირველი ტონის შესუსტება გულის მწვერვალზე, მეორე ტონის აქცენტი აორტაზე;
ავადმყოფთა ნაწილს ეკგ-ზე აღენიშნებათ სუბენდოკარდული იშემიის ნიშნები. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ  – სისხლძარღვოვანი უკმარისობის სხვადასხვა გამოვლინებები, ტვინის ტრანზიტორული იშემია, შესაძლოა ტვინის ინსულტი. თვალის ფსკერზე, არტერიოლების შევიწოებასთან ერთად, აღინიშნება ვენების ცვლილებები, მათი გაფართოება, ჰემორაგიები, ექსუდატები. თირკმლის სისხლმიმოქცევა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე დაქვეითებულია, თუმცა შარდის ანალიზებში ნორმიდან გადახრა არ აღინიშნება.

მესამე სტადია (მძიმე)

ხასიათდება სისხლძარღვოვანი კრიზების  შედარებით ხშირი წარმოქმნით, რასაც განსაზღვრავს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი და სტაბილური მატება და შედარებით მსხვილი სისხლძარღვების არტერიოსკლეროზისა და ათეროსკლეროზის პროგრესირება. არტერიული წნევა აღწევს 200-230 მმ ვწყ სვ. სისტოლური და 115-129 მმ ვწყ სვ დიასტოლური; წნევის სპონტანური ნორმალიზაცია არ ხდება.

სიმპტომები

კლინიკური სურათი განისაზღვრება გულის (სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, არითმია), ტვინის (იშემიური და ჰემორაგიული ინფარქტები, ენცეფალოპათია), თვალის ფსკერის (ანგიორეტინოპათია), თირკმელების (თირკმლის სისხლმიმოქცევისა და გორგლოვანი ფილტრაციის დაქვეითება) დაზიანებით.
განასხვავებენ ჰიპერტონული დაავადების რამოდენიმე ფორმას. ერთ – ერთია ჰიპერადრენერგული ფორმა, რომელიც ხშირად ვლინდება დაავადების საწყის პერიოდში, მაგრამ შესაძლებელია შენარჩუნებული იყოს მისი მთელი მიმდინარეობისას (ავადმყოფთა დაახლოებით 15%). მისთვის ტიპიურია ისეთი ნიშნები, როგორიცაა სინუსური ტაქიკარდია, არამყარი არტერიული წნევა, სისტოლური ჰიპერტენზიის სიჭარბით, ოფლიანობა, თვალების სიბზინვარე, სახის გაწითლება, თავის არეში პულსის შეგრძნება, გულის ფრიალი, შინაგანი დაძაბულობა, შფოთვა.
ჰიპერტონული დავადების ჰიპერჰიდრატაციული ფორმა შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დამახასიათებელი ნიშნებით, როგორიცაა პერიორბიტალური შეშუპება და სახის შეშუპება დილაობით, ხელის თითების შეშუპება, მათი გაბუჟება და პარესთეზიები, დიურეზის ცვლილებები გარდამავალი ოლიგურიით, წყალ-მარილოვანი ჰიპერტენზული კრიზები, ნატრიუმის და წყლის შედარებითი სწრაფი შეკავება სიმპათოლიზური საშუალებებით მკურნალობის დროს (რეზერპინი, დოპეგიტი, კლოფელინი და სხვ.).
ჰიპერტონული დაავადების ავთვისებიანი ფორმა, წარმოადგენს სწრაფად მოპროგრესირე დაავადებას არტერიული წნევის მომატებით ძალიან მაღალ ციფრებამდე, რაც იწვევს ენცეფალოპათიების განვითარებას, მხედველობის დარღვევას, ფილტვების შეშუპებასა და თირკმელების მწვავე უკმარისობას. ამჟამად ავთვისებიანად მიმდინარე ჰიპერტონული დაავადება საკმაოდ იშვიათია, გაცილებით ხშირია მეორადი არტერიული ჰიპერტენზიის ავთვისებიანი ფინალი (რენოვასკულარული, პიელონეფროზული და სხვ.).

მკურნალობა

მკურნალობა შესაძლოა განხორციელდეს არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური მეთოდებით.
არაფარმაკოლოგიურ მკურნალობას მიეკუთვნება: ა) წონაში დაკლება, დიეტაში ცხიმებისა და ნახშირწყლები შემცირების ხარჯზე; ბ) სუფრის მარილის გამოყენების შეზღუდვა; გ) კურორტული მკურნალობა, იზოთერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდები; დ) ფსიქოთერაპიული ზემოქმედება.
ფარმაკოლოგიური მეთოდები ეფექტურია დაავადების პირველ სტადიაში. ფარმაკოლოგიური მკურნალობა ემყარება ე. წ. საფეხუროვან პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს წამლების დანიშვნას გარკვეული თანამიმდევრობით.

არტერიული ჰიპერტენზია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 არტერიული ჰიპერტენზია – სისხლის არტერიული წნევის მომატება აორტიდან არტერიოლების ჩათვლით
🔗 ნორმაში წნევა:
🧑 20-40 წლის ასაკის პირებში – 140/90 მმ ვწყ სვ – ზე ქვევით;
🧔 41-დან 60 წლამდე ასაკის პირებში – 145/90 მმ ვწყ სვ-ზე ქვევით;
🤶 60 წელს ზემოთ- 160-90-ზე ქვევით;
💊 არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა შესაძლოა განხორციელდეს:
➡️ არაფარმაკოლოგიური მეთოდებით:
✔️ წონაში დაკლება, დიეტაში ცხიმებისა და ნახშირწყლები შემცირების ხარჯზე;
✔️ სუფრის მარილის გამოყენების შეზღუდვა;
✔️ კურორტული მკურნალობა, იზოთერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდები;
✔️ ფსიქოთერაპიული ზემოქმედება.
➡️ ფარმაკოლოგიური მეთოდებით – ეფექტურია დაავადების პირველ სტადიაში და ემყარება ე. წ. საფეხუროვან პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს წამლების დანიშვნას გარკვეული თანამიმდევრობით
👉 გაეცანი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიას და გაიგე მეტი არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ – https://bit.ly/3FXygG5
#ჰიპერტენზია #არტერიულიჰიპერტენზია #მაღალიარტერიულიწნევა #ჰიპერტენზიისსიმპტომები #ჰიპერტენზიისნიშნები #ჰიპერტენზიისპრევენცია #ჰიპერტენზიისმკურნალობა #წნევანორმაში #ნორმალურიწნევა #მაღალიწნევა #ჰიპერტენზიისსტადიები #პირველადიჰიპერტენზია #მეორადიჰიპერტენზია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები