ლაბირინთიტი

ლაბირინთიტი labyrinthitis

ლაბირინთიტი სმენისა და ვესტიბულური ანლიზატორების პერიფერიული ნაწილების დიფუზური ან შემოსაზღვრული დაზიანება. წარმოიქმნება შუა ყურის მწვავე ან ქრონიკული ანთებების, შუა ყურის ტუბერკულოზის, ტრავმის დროს. შუა ყურის ანთებითი დაავადებების განვითარების გზების მიხედვით განახვავებენ ტიმპანოგენურ, მენინგოგენურ და ჰემატოგენურ ფორმებს, ასევე ლაბირინთის ჩირქოვან და არაჩირქოვან დაზიანებებს, ხოლო გავრცელების მიხედვით – დიფუზურსა და შემოსაზღვრულს.

ლაბირინთიტი სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია შიგნითა ყურში პროცესის ლოკალიზაციაზე. დაავადების საწყის სტადიებზე აღინიშნება ლაბირინთის გაღიზიანება (ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, გულისრევა, სმენის დაქვეითება, სპონტანური ნისტაგმი, წონასწორობის დარღვევა, ღებინება). >>>>სპონტანური ნისტაგმი მიმართულია დაავადებულ მხარეზე, თუკი დგება ლაბირინთიტის დათრგუნვა – ჯანმრთელ მხარეზე. თავბრუსხვევის ინტენსივობა საკმაოდ განსხვავებულია. წონასწორობის დარღვევა ვლინდება მოსვენებით მდგომარეობაშიც და მოძრაობის დროსაც. დაავადების კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს ხდება ექსუდატის თანდათანობითი რეზორბცია. შემოსაზღვრული ლაბირინთიტი შეიძლება მიმდინარეობდეს ფისტულის წარმოქმნით ან მის გარეშე. ფისტულა ხშირად მდებარეობს ჰორიზონტალურ არხში. ჩირქოვანი ლაბირინთიტის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მომატება. დიფუზური ჩირქოვანი ლაბირინთიტის დროს ვითარდება სმენის სრული დაკარგვა. დიაგნოსტიკა რთულია, თუკი ლაბირინთიტი მიმდინარეობს ისეთი გართულებებით, როგორიცაა ნათხემის აბსცესი, მენინგიტი.

ლაბირინთიტი მკურნალობა.სეროზული და შემოსაზღვრული ლაბირინთიტის დროს ნაჩვენებია კონსერვატული მკურნალობა (წოლითი რეჟიმი, დეჰიდრატაციული და ანტიბაქტერიული თერაპია). ფისტულის წარმოქმნით მიმდინარე ლაბირინთიტის დროს და ლაბირინთის ფუნქციის შენარჩუნებისას, თუკი ანტიბაქტერიული თერაპია არაეფექტურია, ნაჩვენებია ტრეპენაცია. ოპერაციის აბსოლუტური ჩვენებაა ლაბირინთის სეკვესტრაცია ან ჩირქოვანი ლაბირითიტი ლაბირინთოგენური ქალაშიდა გართულებებით.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლაბირინთიტი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ლაბირინთის (შუა ყურის) ანთება წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის სერიოზულ გართულებას. ის არც თუ იშვიათად იწვევს სიყრუის განვითარებას, ვესტიბულარული ფუნქციის გამოვარდნას და შესაძლოა იყოს ჩირქოვანი მენინგიტის და თავის ტვინის პარკუჭების აბსცესის ჩამოყალიბების მიზეზი. სიმპტომები. თავბრუსხვევა, გულისრევა ან ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სმენის ნაწილობრივი (შემოსაზღვრული, არაჩირქოვანი ლაბირინთიტის დროს) ან სრული დაკარგვა. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია. მაღალი ტემპერატურა წარმოადგენს ანთებითი მოვლენების თავის ტვინზე და მის გარსებზე გავრცელების ნიშანს. მკურნალობა. ჰოსპიტალიზაცია. წოლითი რეჟიმი, სულფანილამიდური პრეპარატები, ანტიბიოტიკები. შუა ყურში მნიშვნელოვანი ცვლილებების, აგრეთვე ქალასშიდა გართულებების დროს – ქირურგიული მკურნალობა.