ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციება urticaria
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ჭინჭრის ციება – ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბებერების წარმოქმნით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ეტიოლოგიური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ ჭინჭრის ციების განვითარებას, იყოფიან ეგზოგენურად და ენდოგენურად. ეტიოლოგიური ფაქტორები იწვევენ ქსოვილებში აქტიური ნივთიერებების დაგროვებას, რომლებიც ზრდიან სისხლძარღვთა კედლების განვლადობას, აფართოებენ კაპილარებს, რის შედეგიცაა დერმის დვრილისებრი შრის შეშუპება და ბებერების წარმოქმნა.
ალერგენების როლი შეიძლება შეასრულონ არასრულად გახლეჩილმა ცილოვანმა პროდუქტებმა, ტოქსინებმა, ტოქსიკურმა ნივთიერებებმა;
ჭინჭრის ციების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები, განსაკუთრებით ვეგეტატიური. კერძოდ, ცნობილია ქოლინერგული ჭინჭრის ციება, რომელიც ვითარდება ნერვული აგზნების დროს და განპირობებულია აცეტილქოლინის გამოყოფით ქსოვილებში პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების გავლენით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკური სურათი ხასიათდება კანზე (იშვიათად ლორწოვან გარსებზე) შეშუპებული, მკვრივი, კაშკაშა – ვარდისფერი, სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის ბებერების წარმოქმნით. ბებერები ქრება (ზოგჯერ რამდენიმე წუთში) უკვალოდ.
მწვავე ჭინჭრის ციება ხასიათდება უეცარი დაწყებით, ძლიერი ქავილით, წვით და გამონაყრით კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე, ასევე ტუჩების, ენის, რბილი სასის, ხორხის ლორწოვანზე.
ბებერები სხადასხვა ზომისა და მოხაზულობისაა, შესაძლებელია მათი შერწყმა, თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის დარღვევა.
ხშირად ჭინჭრის ციება განპირობებულია წამლისმიერი ან საკვებისმიერი ალერგიით, წამლების, შრატების, ვაქცინების პარენტერალური შეყვანით, სისხლის გადასხმით.

მწვავე შემოსაზღვრული კვინკეს შეშუპება (გიგანტური ჭინჭრის ციება)

მწვავე შემოსაზღვრული კვინკეს შეშუპება ხასიათდება ასევე სახის ან სასქესო ორგანოების კანის (ლორწოვანი გარსების) და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის შემოსაზღვრული შეშუპების უეცარი განვითარებით. ამასთან კანი ხდება მკვრივი, ელასტიური, თეთრი, იშვიათად ვარდისფერი.
სუბიექტური შეგრძნებები ჩვეულებრივ არ
არსებობს. რამდენიმე საათის, ან 1 – 2 დღის შემდეგ შეშუპება ქრება. შესაძლებელია კვინკეს შეშუპების შერწყმა ჩვეულებრივ ჭინჭრის ციებასთან. ხორხის მიდამოში განვითარებული შეშუპების დროს შესაძლებელია სტენოზი და ასფიქსია.

ქრონიკული მორეციდივე ჭინჭრის ციება

ქრონიკული მორეციდივე ჭინჭრის ციება ჩვეულებრივ ვითარდება ხანგრძლივი სენსიბილიზაციის ფონზე, რომელიც განპირობებულია ქრონიკული ინფექციის კერებით (ტონზილიტი, ქოლეცისტიტი, ადნექსიტი და სხვ.), კუჭ – ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებითა და სხვ.
დაავადების რეციდივები იცვლება სხვადასხვა ხანგრძლივობის რემისიებით. შეტევის დროს შესაძლებელია თავის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ართრალგიები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. მტანჯველი ქავილი შესაძლებელია მიმდინარეობდეს უძილობით, ნევროზული დარღვევებით.

მზისმიერი ჭინჭრის ციება

მზისმიერი ჭინჭრის ციება წარმოადგენს ფოტოდერმატოზის სახესხვაობას; ავადდებიან უპირატესად ქალები. დაავადება ხასიათდება გამონაყრით კანის ღია ნაწილებზე (სახე, ხელები და სხვ.). დამახასიათებელია სეზონურობა (გაზაფხული – ზაფხული).
მზეზე ხანგრძლივი ყოფნის დროს გამონაყარს შესაძლოა ახლდეს ორგანიზმის ზოგადი რეაქცია სუნთქვისა და გულის მოქმედების დარღვევების სახით, შესაძლებელია შოკის განვითარება.

მკურნალობა

მწვავე ჭინჭრის ციების დროს, რომელიც გამოწვეულია წამლების და საკვები ნივთიერებების მიღებით, ნაჩვენებია საფაღარათოები, ჰიპომასენსიბილიზირებელი საშუალებები – 10% – იანი კალციუმის ქლორიდი ვენაში, კალციუმის გლუკონატი, ანტიჰისტამინური პრეპარატები. მძიმე შემთხვევაში შეტევის კუპირება შესაძლებელია კანქვეშ ადრენალინის შეყვანით, ასევე კორტიკოსტეროიდული პრეპარატების.
ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს საჭიროა ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა. ალერგენის აღმოჩენის შემთხვევაში ნაჩვენებია სპეციფიკური ჰიპოსენბილიზაცია, ქრონიკული ინფექციის კერების სანაცია,  კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობა, დეჰელმინთიზაცია.
ნერვული სისტემის დარღვევების დროს – სედატიური თერაპია. ნაჩვენებია ასევე ზოგადი იონოგალვანიზაცია კალციუმის ქლორიდით. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს – ფოტომადესენსიბილიზირებელი პრეპარატები.

პროფილაქტიკა

ქრონიკული ინფექციის კერების, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნერვული სისტემის მკურნალობა, ალერგენების განმეორებითი ზემოქმედების გამორიცხვა.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ჭინჭრის ციებალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔴 ჭინჭრის ციება – ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე ბებერების წარმოქმნით
🔎 მწვავე ჭინჭრის ციებისთვის დამახასიათებელია:
✔️ ძლიერი ქავილი;
✔️ წვა;
✔️ გამონაყარი კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე;
✔️ გამონაყარი ტუჩების, ენის, რბილი სასის, ხორხის ლორწოვანზე;
✔️ სხვადსხვა ზომისა და მოხაზულობის ბებერები
🟩 მწვავე ჭინჭრის ციების დროს, რომელიც გამოწვეულია წამლების და საკვები ნივთიერებების მიღებით, ნაჩვენებია საფაღარათოები, ჰიპომასენსიბილიზირებელი საშუალებები – 10%-იანი კალციუმის ქლორიდი ვენაში, კალციუმის გლუკონატი, ანტიჰისტამინური პრეპარატები;
🟦 მძიმე შემთხვევაში შეტევის კუპირება შესაძლებელია კანქვეშ ადრენალინის შეყვანით, ასევე კორტიკოსტეროიდული პრეპარატების
👉 გაიგეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3xWKL2B
#ჭინჭრისციება #რაიწვევსჭინჭრისციებას #როგორვუმკურნალოთჭინჭრისციებას #ჭინჭრისციებისსიმპტომები #ჭინჭრისციებისმკურნალობა #ჭინჭრისციებისნიშნები #ჭინჭრისციებისდიაგნოსტიკა #რაარისჭინჭრისციება #გამონაყარი #სიწითლე #ქავილი #წვა #ბებერები #ჭინჭრისციებისპროფილაქტიკა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჭინჭრის ციება – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადება ალერგოდერმატოზების ჯგუფიდან, რომელიც ვითარდება როგორც სხვადასხვა ენდო –  და ეგზოგენურ გამაღიზიანებლებზე (ალერგენებზე) საპასუხო რეაქცია.
ვითარდება არა მარტო მწერების კბენის, ჭინჭარზე, მედუზაზე, სხვადასხვა მუხლუხოებთან და სხვ. შეხების შედეგად, არამედ რიგი მედიკამენტების (ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, ამიდოპირინი და სხ.), საკვების პროდუქტების (შოკოლადი, მარწყვი, მოცხარი, კვერცხი, სოკოები, თევზის კონსერვები და სხ.) მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს, დაბალი და მაღალი ტემპერატურების ზემოქმედების, მზის რადიაციების, მექანიკური ფაქტორების (ზეწოლა, ხახუნი), კუჭ – ნაწლავის ინტოქსიკაციების და ა.შ.  შედეგად. 

სიმპტომები

კანზე მრავლობითი, მწვავედ ანთებითი, მოვარდისფრო – ლილისფერი შეფერილობის, ძლიერი ქავილის მომგვრელი ბებეროების უეცარი გაჩენა, რომლებიც გარეგნობით მოგვაგონებენ ჭინჭრით დასუსხვის შედეგად წარმოქმნილ ბებეროებს. მათი გამოჩენა არის კანის მწვავედ განვითარებული, შემოსაზღვრული შეშუპების შედეგი, რაც განპირობებულია კანის კაპილარების გამავლობის გაზრდით.
ბებეროებს გააჩნიათ სხვადასხვა ზომა, ერთმანეთთან შერწყმის შემდეგ შეიძლება მიიღონ საკმაოდ დიდი ზომის ფოლაქების სახე კუწუბისებური კიდეებით. ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით ცხვირხახის მიდამოებში (კვინკეს შეშუპება), მასიური გამონაყრების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს მოხრჩობის შეტევები, რის გამოც იძულებული ხდებიან გამოიყენონ ტრაქეოტომია. პროცესი ხშირად ატარებს მორეციდივე ხასიათს.